სამეცნიერო კონფერენცია - „მოწინავე რადიაციული მედიცინა“.
 22/08/2017

 

10 ივნისს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში, სხივური მედიცინის ცენტრის, Liv Hospital-ის და Elekta-ს ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია - „მოწინავე რადიაციული მედიცინა".

Elekta რადიოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანიაა, რომლის წარმოებული სამედიცინო აპარატურა გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სიზუსტითა და სისწრაფით.

სპეციალურად კონფერენციისთვის, საქართველოში ჩამოვიდნენ წარმომადგენლები წამყვანი სამედიცინო დაწესებულებებიდან: Liv Hospital-ი - თურქეთი, ბუდაპეშტის იზოტოპების ინსტიტუტი - უნგრეთი, მოსკოვის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ცენტრი - რუსეთი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი - გერმანია, მინსკის საქალაქო ონკოლოგიური კლინიკა - ბელორუსია.

უცხოელმა სტუმრებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება გააცნეს.

კონფერენციიის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა განიხილეს სხივური თერაპიის თანამედროვე შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები, სტერეოტაქტიკური კონფორმული რადიოთერაპიის ეფექტურობა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით მართვადი რადიაციული თერაპია, ბირთვული მედიცინის როლი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მენეჯმენტში.

სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა რადიაციულ ონკოლოგიაში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ სხივური თერაპიის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები, ონკოლოგები, ქიმიოთერაპევტები, ფიზიკოსები, რადიოლოგები და ნეიროქირურგები.