სხივური თერაპია სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის ჩატარება მაღალიტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით განაპირობებს მკურნალობის ეფექტურობას უმნიშვნელო გვერდითი მოვლენების ფონზე.


 

კლინიკაში დანერგილი რადიოთერაპიული მეთოდები

3D კონფორმული რადიოთერაპია

3D CRT არის სამგანზომილებიან გამოსახულებაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს სიმსივნისა და რისკის ორგანოების მულტისექციურ კონტურირებას. მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებით სიმსივნური წარმონაქმნის მაღალი დოზით სხივდება სხვადასხვა კუთხიდან.

ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპია

რიგ შემთხვევებში სიმსივნე და ჯანმრთელი ქსოვილები შეიძლება ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყოს განთავსებული. ასეთ შემთხვევაში, 3D გამოსახულების მიღების შემდეგ, კონფორმული რადიოთერაპიისაგან განსხვავებით, ამაჩქარებლის მიერ გამომუშავებული სხივების ინტენსივობის კონტროლი ხორციელდება დიდი სიზუსტით. ამ პრინციპზე დამყარებულ მკურნალობის მეთოდს ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპია (IMRT) ეწოდება. IMRT-ის ტექნიკის გამოყენებით, შესაძლებელია სიმსივნის მაქსიმალურად მაღალი დოზით დასხივება, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.


სტერეოტაქსიური რადიოქირურგია (SRS) და სტერეოტაქსიური რადიოთერაპია (SBRT)

სტერეოტაქსიური რადიოქირურგია და რადიოთერაპია გამოიყენება სიმსივნისა და სპეციფიური ვასკულარული მალფორმაციების სამკურნალოდ. ეს მეთოდი იყენებს მაღალი დოზის კონცენტრირებულ მაიონიზირებელ რადიაციულ გამოსხივებას ფოკუსური სისტემის გამოყენებით 1-5 ფრაქციაში. აღნიშნული მანიპულაციისას ჯანმრთელ ქსოვილებზე მოსული რადიაციის დოზა მინიმალურია რამდენიმე სესიის შემდეგაც. გამოცდილი სპეციალისტის მიერ სწორად შერჩეული სტერეოტაქსიური რადიოქირურგიული მკურნალობა არის ტრადიციული ოპერაციული ჩარევის ტოლფასი.


მოცულობითი ინტენსივობა-მოდულირებული რკალური თერაპია

მოცულობითი ინტენსივობა-მოდულირებული რკალური თერაპია (VMAT) წარმოადგენს გამოსახულებით მართული ინტენსივობა-მოდულირებული რადიოთერაპიის (IG-IMRT) გაუმჯობესებულ ვარიანტს. მკურნალობა ხორციელდება მცირე დროში (დაახლოებით 4 წუთში). აპარატი ბრუნავს პაციენტის ირგვლივ, რის შედეგადაც ხდება სიმსივნის დიდი სიზუსტით დასხივება ავტომატურ რეჟიმში, ირგვლივ მდებარე ორგანოების და ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.