ბირთვული მედიცინის განყოფილებაში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ რადიაციული დიაგნოსტიკისა და რადიონუკლეიდური თერაპიის სრული სერვისი.

ცენტრში მოქმედებს როგორც ამბულატორია, ასევე სტაციონარი.

 

ამბულატორია

კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან და მაგნიტო რეზონანსული კვლევისაგან განსხვავებით, რომლებიც ასახავენ მხოლოდ ქსოვილის სტრუქტურას, რადიოიზოტოპური კვლევა გვაწვდის ინფორმაციას ფიზიოლოგიურ და ფუნქციონალურ დონეზე, რაც იძლევა დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენის საშუალებას.

ჩვენთან ტარდება ყველა სახის გამოკვლევა:

- ძვლის სცინტიგრაფია

- ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია

- პარათირეოიდული სცინტიგრაფია

- თირკმლის სცინტიგრაფია

- მიოკარდიუმის სცინტიგრაფია

დიაგნოსტიკა ხორციელდება რადიოაქტიური ნივთიერებით: იოდის იზოტოპით I-131 და ტექნეციუმის Technetium-99m (99mTc) საშუალებით.

რადიოიზოტოპური კვლევის დროს ხდება რადიოაქტიური ნივთიერების შეყვანა ორგანიზმში. მიღებული რადიოფარმაკოპრეპარატი შერჩევითად ნაწილდება ორგანიზმში, რის შემდეგაც ხორციელდება სკანირება სპეციალურ აპარატზე - გამა კამერაზე ECAM SCINTRON. SPECT კამერის საშუალებით ხდება გამოსახულების მიღება და მონაცემების ინტერპრეტირება. მნიშვნელოვანია რომ რადიოფარმაკოპრეპარატი არა შეიცავს კონტრასტს და მას არ აქვს გვერდითი ეფექტები. კვლევის დროს პაციენტზე რადიაქტიური ზემოქმედება მინიმალურია.

დიაგნოსტიკასთან ერთად, ბირთვული მედიცინა ფართოდ გამოიყენება პაციენტების მკურნალობისათვის, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის მაღალდიფერენცირებული სიმსივნეების დროს. მკურნალობა ხორციელდება რადიოაქტიური იოდის იზოტოპით - I-131.

 

სტაციონარი

მას შემდეგ რაც იოდის იზოტოპი - I-131 მოხვდება ორგანიზმში, რადიოაქტიური იოდინი ცირკულირებს სხეულში. ამ დროს ხდება პრეპარატის ჩართვა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უჯრედებში, რაც იწვევს ამ უკანასკნელთა დასხივებას და ელიმინაციას.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს:

- ქირურგიული ჩარევის შემდგომ დარჩენილი კიბოს უჯრედების ლიკვიდაციისათვის;

- უკვე გავრცელებული ფარისებრის კიბოს სამკურნალოდ;

- ერთხელ უკვე ნამკურნალები ფარისებრის კიბოს რეციდივის შემთხვევაში.

აღნიშნული მკურნალობა, როგორც წესი, ტარდება ერჯერადად, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალო ეფექტის მიღწევის მიზნით, მისი განმეორება შესაძლებელია 6-8 თვეში ერთხელ.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობის პროცესში, პაციენტი იზოლირებულია 3-4 დღის განმავლობაში. ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით: ვიდეოდაკვირვების და საკომუნიკაციო საშუალებებით, შექმნილია კომფორტული გარემო. პაციენტი უზრუნველყოფილია კვებით.

გამა კამერა MiE: ECAM SCINTRON